32 2 37 30 67
 contact@educator.ge
სპმთპ-ს მომართა რამოდენიმე პედაგოგმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სკოლის დირექტორებმა მათგან მოითხოვეს პირადი განცხადებების დაწერა, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რათა მიიღონ სახელმწიფო ჯილდო. ზოგიერთი საჯარო სკოლის არაკეთილსინდისიერი დირექტორი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელი და აიძულებს მას, გავიდეს პროფესიიდან, რაც წარმოადგენს ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. ასევე, აშინებენ რომ იმ შემთხვევაში, თუ არ წავლენ სკოლიდან, საათების განაწილების დროს, საპენსიო ასაკის მასწავლებლები დარჩებიან საათობრივი დატვირთვის გარეშე.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).#დააფასემასწავლებელი
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან და საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე განხორციელებულ დარღვევებთან დაკავშირებით, გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება.
იმ შემთხვევაში, თუკი ხელს მოაწერთ პირად განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ეს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერ საფუძველს და თქვენ ვეღარ შეძლებთ სახელმწიფო ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასის მიღებას და მასწავლებლისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებას.
რათქმაუნდა, თამამად შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი, გსურთ თუ არა პროფესიიდან გასვლა სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემით, რასთან დაკავშირებითაც, მიმდინარეობს გამოკითხვა/რეგისტრაცია. თუმცა, მოგიწოდებთ, რომ არ მოაწეროთ ხელი ისეთ განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას, შესაბამისად, თქვენთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
ზოგიერთი საჯარო სკოლის დირექტორის ზემოაღნიშნული ქმედება არ არის შესაბამისობაში საპენსიო ასაკის მასწავლებლებისადმი განათლების სამინისტროს დამოკიდებულებასთან. #დააფასემასწავლებელი
გთავაზობთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განმარტებას:
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:
  1. თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  2. თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  3. თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  4. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერცერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.
მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.