წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, სადაც სპმთპ-ის წევრის ინტერესებს ჩვენი ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბაკურაძე იცავდა.

მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ჩუბინიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებული სპმთპ-ის წევრი ნატალია სანდუხაძე უნდა აღდგეს სსიპ ქ. ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე და იმავდროულად, მოპასუხეს - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აქვე აღვნიშნავთ რომ ნატალია სანდუხაძე არის ამავე სკოლის რუსული ენის მასწავლებელი.

ნატალია სანდუხაძე სამსახურიდან 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა. მე-13 საჯარო სკოლის ბუღალტერმა, დანაშაულებრივი თაღლითური სქემის გამოყენებით, დაახლოებით 60.000 ლარი მიითვისა. ამ თანხის ნახევარზე მეტის მითვისება მოხდა სკოლის წინა დირექტორის და არა ნატალია სანდუხაძის დირექტორობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ნატალია სანდუხაძე იყო ის პიროვნება, ვინც გამოააშკარავა ბუღალტრის დანაშაულებრივი საქმიანობა და დაუყოვნებლივ მიმართა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე ფინანსურ პოლიციას, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სწორედ ნატალია სანდუხაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ქალბატონმა ნატალიამ, დახმარების თხოვნით, დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს. რის შემდგომაც იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და მოამზადა კვალიფიციური სარჩელი.

სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორის ინტერესებს ორგანიზაციის იურისტი - გრიგოლ ბაკურაძე იცავდა. სულ გაიმართა 2 სხდომა - 29 იანვარს და 8 თებერვალს.

წარმოდგენილმა არგუმენტებმა, დართულმა მტკიცებულებებმა და სარჩელში მითითებულმა გარემოებებმა დაარწმუნა მოსამართლე, მალხაზ ჩუბინიძე რომ ნატალია სანდუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოცხადდა გადაწყვეტილება, ნატალია სანდუხაძის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სპმთპ მადლობას უხდის მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძეს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის.

აქვე აღვნიშნავთ რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ორგანიზაციის წევრების სამართლებრივ უფლებებს.

ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ სპმთპ აწარმოებს სხვა სასამართლო პროცესებს ორგანიზაციის წევრების ინტერესების დასაცავად და გვაქვს მათი წარმატებით დასრულების იმედი!