32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
court 680x40015 აგვისტოს წარმატებით დასრულდა სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა დააკმაყოფილა სპმთპ-ის მიერ მომზადებული სარჩელი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც თანამდებობაზე აღადგინა ხაშურის #3 ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნანული სტეფნაძე და დამსაქმებელს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის მომენტამდე (თვეში 350 ლარი).
  ქალბატონი ნანული სტეფნაძე მუშაობდა ხაშურის #3 ბაგა-ბაღში 1976 წლიდან. თუმცა 2016 წლის 1 თებერვალს იგი უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან ისე, რომ არ განემარტა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. გათავისუფლებიდან 5 თვის შემდეგ, ნანული სტეფნაძემ მომართა სპმთპ-ს და სთხოვა დახმარება. ორგანიზაციის იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა სარჩელი და შეიტანა სასამართლოში. უშუალოდ პროცესზე დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბაკურაძე.
  15 აგვისტოს გაიმართა მთავარი სხდომა, სადაც მხარეებმა წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები. სპმთპ-ის იურისტმა დაარწმუნა მოსამართლე, რომ დამსაქმებელსა და ნანული სტეფნაძეს შორის გაფორმებული 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით დადებულად და შეუძლებელი იყო აღმზრდელის სამსახურიდან გათავისუფლება 1 თვიანი ვადის გასვლის გამო. დამსაქმებელი მიუთითებდა იმაზე, რომ ნანული სტეფნაძეს სარჩელი სასამართლოში უნდა შეეტანა გათავისუფლებიდან 1 თვეში და არა რამოდენიმე თვის შემდეგ, რითაც დაარღვია ხანდაზმულობის ვადა.
  სპმთპ-ის იურისტმა, კანონმდებლობასა და სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაარწმუნა მოსამართლე, რომ ნანული სტეფნაძის შემთხვევაში მოქმედებდა 3 წლიანი და არა - 1 თვიანი ხანდაზმულობის ვადა. ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა ზაზა რამიშვილმა მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ნანული სტეფნაძე უნდა აღდგეს თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, ანუ ის თანხა, რომელსაც იგი ხელფასის სახით მიიღებდა გათავისუფლების მომენტიდან აღდგენის მომენტამდე (თვეში 350 ლარი), რომ არა დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, ნანული სტეფნაძეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.
  მადლობას ვუხდით მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის!