32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის N: 24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დანიის სტენჰუსის 15 მოსწავლეს და მათ მასწავლებელს უმასპინძლეს, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ბარისაშვილი. სპმთპ-ის თანადგომით, დანიის სტენჰუსის გიმნაზიასა და N:24 საჯარო სკოლას შორის საგანმანათლებლო-გაცვლითი ურთიერთობის ხიდები გაიდო. სკოლის დირექტორის გიორგი კაკაბაძის მხარდაჭერით, თამარ ბარისაშვილმა N:24 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლეებთან ერთად სტუმრების სკოლაში ვიზიტის პროგრამა წარმატებით განახორციელა. 6 მარტს N: 24 სკოლას, დანიელ სტუმრებთან ერთად სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე და ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი მელანია დარახველიძე იმყოფებოდნენ. ,,მოხარულნი ვართ, რომ ჩვენც ვიყავით ამ დღის თვითმხილველნი... საოცარად თავისუფალი, მიზანსწრაფული, პროგრესზე ორიენტირებული თაობაა! ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობით, მათი პედაგოგებით... შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებდა სკოლის ცხოვრების გაცნობას, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ქვეყნის მისწრაფებების წარდგენას, მცირე დროის მიუხედავად კიდევ ერთი დაუვიწყარი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს ახალგაზრდებმა”- აღნიშნა ნათია კორძაძემ, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. შთაბეჭდილებების ქვეშ იყო ყველა, სტუმარი თუ მასპინძელი. ქ. თბილისის N:24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლას სამახსოვრო ჩანაწერები დაუტოვეს: ნიკოლოზ ელიზბარაშვილი - ,,მე მხვდა წილად სკოლის ისტორია გამეცნო და მესაუბრა იმ წარმატებასა და ინოვაციურ მეთოდებზე, პროგრამებსა და პროექტებზე, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის საზოგადოებამ - მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განვახორციელეთ. გამიხარდა, რომ დანიელი მოსწავლეებისთვის ჩვენი საქმიანობა შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. ვიმსჯელეთ სამომავლო პერსპექტივებსა და ერთობლივად განსახორციელებელ გაცვლით პროექტებზე. ამ შეხვედრით გავდეთ ხიდები საგანმანათლებლო გაცვლითი ურთიერთობისა.” ანა მამნიაშვილი - ,,ჩვენი ლიტერატურული კლუბის, “წერო 24-ის” ფარგლებში არაერთი საინტერესო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება მოგვიმზადებია. ყოველი მათგანი, ღრმა ემოციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით გვავსებს. მათგან, ასევე, გამორჩეულია დანიელ სტუმრებთან - პედაგოგებთან და სტუდენტებთან შეხვედრა-დისკუსია. ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ტრადიციები, წარსული და დღევანდელობა. სტუმრებს გავუჩინეთ საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნების სურვილი. ვიმსჯელეთ ისტორიულ სიმართლესა და სადღეისო პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ვერ ავცდებოდით ოკუპაციიის თემას - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტკივილს. მე როგორც ერთ-ერთი მხილველი ამ საშინელებისა, მსოფლიოს მოვუწოდებ: მშვიდობა სამყაროს ბედნიერების სიმბოლოა”. ნინო თოდუა - ,,სტუმრები ინგლისური ენის გაკვეთილს დავასწარით, სპონტანურად ჩვენს პედაგოგ მაია თურქიაშვილთან ერთად მოვიფიქრეთ გაკვეთილის თემა: „საქართველო ევროპასა და აზიას შორის.“ ამდენად, ვერ ავცდებოდით ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ კლიმატსა და მდებარეობას ქვეყნისას. მის განვითარების ეტაპებს, სახასიათო ნიშნულებს და რაღა თქმა უნდა, საქართველოს მისიას ცივილურ სამყაროში” ლიკა შაკიაშვილი - ,,დღევანდელი სამყარო ღიაა და უფრო გამჭვირვალე. შემეცნებისთვის, განათლებისთვის, კულტურული ურთიერთობებისა და სპორტული ასპარეზობისთვის. უფროსები ხშირად აღნიშნავენ, რომ XXI საუკუნის ახალგაზრდობა თავისუფალი და გაცილებით პერსპექტიულია.... განსაკუთრებით აღსაღნიშნავია ჩვენი დანიელი თანატოლების მოსმენის კულტურა და უცხო გარემოსთან შეგუების პირობა. მე მომიხდა მათთან უფრო სხვა დატვირთვით თანამშრომლობა, როგორც ლიტერატურული კლუბი - „წერო 24-ის“ კოორდინატორ მოსწავლეს: 2017-18 წლებში განხორციელებული აქტივობების წარდგენა-პრეზენტაცია. „XXI საუკუნე და ლაგოდეხის ნაკრძალი,“ „კალანდობა 2018,“ „ექვთიმე ღვთისკაცი და 24-ე საჯარო სკოლა,“ „სერგო ფარაჯანოვი- მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორი.“ სულ სხვადასხვა მიმართულებებით წარმოდგენილმა პროექტებმა ისინი მოხიბლა და შეიძლება ითქვას, მოაჯადოვა კიდეც. როგორც აღნიშნეს, ამდენს არ ელოდნენ ჩვენ კი არ შეგვეძლო ლიტერატურული კლუბის საქმიანობა ქართული ცეკვითა და სიმღერის ფრაგმენტებით არ დაგვესრულებინა, მით უფრო, რომ გოგი დოლიძის, როგორც ოცდამეოთხელის საშემსრულებლო კულტურა გვინდოდა გვეჩვენებინა”. არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებს შორის დისკუსია და საუბრები კვლავ გრძედებოდა.... ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სკოლებს შორის პარტნიორობა უფრო გაღმავდება. სპმთპ-ი მადლობას უხდის N:24 საჯარო სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ამ დღის განხორციელებისთვის. დანიელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სტუმრობა სპმთპ-ისა და GL-ის ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება სპმთპ-ისთან თანამშრომლობით”, ერთერთი კომპონენტია, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს. სპმთპ-ითვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების პროცესში.