32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას, მათი საქმიანობის უფრო მეტად პოპულარიზაციას და მათი პიროვნების დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

დღევანდელი რუბრიკის სტუმარია "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი ვაქერ-სებისკვერაძე.

დოსიე: დავიბადე 1966 წლის 18 მარტს ხარაგაულში.

1972-1983 წლებში ვსწავლობდი ხარაგაულის რაიონის N 2 საშუალო სკოლაში.

1984-1990 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტზე, ელექტრული აპარატების სპეციალობით, პარალელურად საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე;

1983-1984 წლებში ვსწავლობდი თბილისის მაუდკამვოლის კომბინატთან არსებულ 24-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში.

1983 წელს ვმუშაობდი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში;

1984-1985 წლებში გორის ბამბეულის კომბინატის სოფელ ბორითის ფილიალში;

1990-1995 წლებში ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში ინჟინრად;

1995-2003 წლებში ხარაგაულის განათლების განყოფილებაში სტატისტიკოსად.

2003-2004 წლებში ხარაგაულის განათლების პროფკავშირის ინსტრუქტორად. 2004 წელს ამირჩიეს და დღემდე ვარ სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; პარალელურად ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას.

2013 წლიდან გახლდით განათლების სამინისტროს იმერეთის რეგიონის რესურსცენტრის სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრი ( მოიცავდა: ხარაგაულის,ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერისა და ჭიათურის რაიონებს) -კომისიებში; ხოლო 2017-2018 წლებში პარალელურად განათლების სამინისტროს რესურსცენტრის სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრი ხარაგაულის რაიონისთვის; 2013 -2014 წლებში ვიყავი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კომისიის წევრი და დღემდე ვაგრძელებ საქმიანობას; 2018 წლიდან დღემდე ვარ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი;

2019-2020 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

2019 წლიდან ვარ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპატიო მოქალაქის მინიჭების კომისიის წევრი.

რა არის თქვენთვის წარმატება?

როგორც ასეთი წარმატების ფორმულა ყველას ინდივიდუალური აქვს, იმის მიხედვით რომელ პროფესიაში მოღვაწეობს.

როგორც სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ჩემთვის წარმატებაა, როდესაც პედაგოგებს ,საგანმანათლებლო კუთხით, ვეხმარები გარკვეული წარმატების მიღწევასა და პროფესიულ განვითარებაში.ვახსენებ,რომ სპმთპ-ს სახით მათ აქვთ ძლიერი უფლებრივ-საგანმანათლებლო ბერკეტი. სპმთპ-ს თითოეული მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯი, ჩემეული წარმატებაცაა, რადგან ამ დიდი და მძლავრი ორგანიზაციის რაიონული ლიდერი ვარ და გუნდურობის პრინციპი, საერთო სოლიდარობა უფრო მეტად მაძლიერებს.როდესაც წარმატებას ვაღწევ, ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მიხარია, უფრო მეტად მოტივირებული ვხდები და შესაბამისად, სურვილი მიჩნდება სიხარული სხვებსაც გავუზიარო.

რა გაძლევთ მოტივაციას?

მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი, საქმიანობა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზეა აგებული და მოითხოვს მჭიდრო კომუნიკაციას, სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებთან და აღმზრდელებთან, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, აქტივობებისა და საქმიანობის დაგეგმვას, წარმართვას და განხორციელებას.ადამიანის უპირველესი მოტივაცია მაინც იმ საქმის სიყვარულია, რასაც აკეთებს. თუ საქმეს სიყვარულითა და ერთგულებით მიუდგები, წარმატება თავისთავად მოვა.

ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც დაძლიეთ.

როდესაც "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის "ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩიეს, სამწუხაროდ, იგი უმძიმეს ფინანსურ-კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ გამოწვევას შემართებით შევხვდი, ეტაპობრივად დავძლიე და მალევე დიდი ძალისხმევის შედეგად, ორგანიზაციის პროფწევრთა გაწევრიანება და ფინანსური ნიშნული მაღალ დონეზე ავიყვანე. ჩემდა სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ორგანიზაციისთვის უმძიმესი 2010-2012 წლები, რომლის დაძლევაც კვლავ მოგვიწია და 2012 წლიდან დაიწყო სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის აღდგენისა და აღმავლობის პერიოდი, რომელიც უფრო მეტად თვალსაჩინო და გამოკვეთილი შეიქმნა "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" პრეზიდენტის მაია კობახიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით. ორგანიზაციის გაძლიერების პროცესი, ხელმძღვანელობის ხელშეწყობთ, ინტენსიურ რეჟიმში დღემდე გრძელდება.

თქვენი მთავარი მიღწევა?

ჩემი მთავარი მიღწევა, მაინც "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს" უკავშირდება. დღესდღეობით პირველადი ორგანიზაციები ხარაგაულის რაიონის ყველა სკოლაში ფუნქციონირებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, პროფწევრთა გაწევრიანების კუთხით, თითქმის მოცული გვაქვს. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ მასწავლებლებს პროფკავშირის როლი და დანიშნულება ნამდვილად კარგად აქვთ გათავისებული და ამას მხარდაჭერით, გაწევრიანებითა და თანადგომით გამოხატავენ.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ საკითხს სწორედ ამ კუთხით ვუდგები. როდესაც საქმის პასუხისმგებლობა გათავისებული გაქვს, უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება, ძიების პროცესში ერთვები, სიახლეების დანერგვით ინტერესდები, გინდა იყო გუნდურიც და ერთპიროვნულიც, საჭიროებიდან გამომდინარე. სურვილი გიჩნდება იყო სამაგალითოც, საზოგადოებისთვის მისაბაძი სახეც, ამავე დროს პატივი სცე სხვების აზრს და მათი შეხედულებები შემდგომ საქმიანობაში გაითვალისწინო. ყოველთვის ვცდილობ, ჯგუფის პრობლემას ჩავწვდე და გამოსავალი ერთობლივი ძალისხმევით ვიპოვნო.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ჩემი ყოველდღიურობა ისევ და ისევ "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს უკავშირდება". ორგანიზაციის სიძლიერე და მხარდაჭერა უფრო მეტად მაძლიერებს, მოტივაციას მიმაღლებს რაც შეიძლება მეტად, დავეხმარო ხარაგაულის რაიონის პედაგოგებს, პროფწევრებს საგანმანათლებლო კუთხით, მივაწოდო ინფორმაცია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების შესახებ, მოვახდინო მათი ჩართულობა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, გადავცე სპმთპ-ს წარმატებული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია და პედაგოგთა დაცვის კუთხით არაერთი მოგებული პროცესები.

ერთობლიობაში ყველას მხარდაჭერა მაძლიერებს: ოჯახის, პედაგოგების, აღმზრდელების, ადგილობრივი თვითმმართველობის, რადგან სისტემურად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და ხელშეწყობას ყოველი წამოწყების პროცესში.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

მასწავლებელი მართლაც რომ გამორჩეული პროფესიის წარმომადგენელია, რომლის მისია მომავალი თაობის ღირსეული აღზრდაა. ყოველივე ეს კი უდიდეს ენერგიას, პროფესიონალიზმს, გამძლეობას, მოტივაციას და საქმის სიყვარულს მოითხოვს. ამ საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგე, რადგან ბავშვების აღზრდით ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი, ეს კი ძალიან საშური და ფაქიზი თემაა.

როგორც მასწავლებელი,როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

უნიჭიერესი ახალგაზრდობა გვყავს; ტექნოლოგიურად განვითარებულები, მონდომებულები, აქტიურები და მომთხოვნები. ძველი თაობის ახალგაზრდებისგან რადიკალურად განსხვავებულები. მათი სწავლება რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად პასუხისმგებლობის შემცველიც.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემია მოულოდნელი სიტუაცია იყო, რომელშიც სპონტანურად აღმოჩნდა მსოფლიო, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ახალ რეალობასთან შეგუების პრობლემები, თუმცა მალევე მოინახა მათი გადაჭრის ოპტიმალური გზები; ქართულ განათლებაში, ურთიერთთანამშრომლობითი პრინციპებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურად, შეფერხების გარეშე წარიმართა და წარმატებით დასრულდა. ყოველივე ეს კი ჩვენი პედაგოგების გმირობითა და ძალისხმევით მოხდა. პროცესის ხარვეზი მაინც ტექნიკური პრობლემა იყო, რაც მოსწავლეთა ჩართულობის მხრივ, სწავლების პროცესს აფერხებდა.

რა არის თქვენთვის "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირი"?

როდესაც წლებია "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში" მუშაობ, მასთან ერთად ქმნი ორგანიზაციის ხვალინდელ დღეს, რომლის ტკივილიც გტკივა და წარმატებაც ფრთებს გასხამს, სტიმულს გაძლევს და მოტივაციას გიმაღლებს, ხვდები რომ იგი შენთვის ყველაფერია და ყველაფერზე მაღლა დგას.

სპმთპ-ს კუთხით,სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

სპმთპ ყოველთვის ითვალისწინებს წევრთა საჭიროებას და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება პედაგოგთა პროფესიული გადამზადება, მათი ჩართვა საერთაშორისო პროექტებში, მასწავლებლების პროფესიული ნიშნულის ამაღლება და პოპულარიზაცია. წესად გვაქვს მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა და სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება, სისტემიდან მათი ღირსეული გაცილება. ვემზადებით სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენციისთვის.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ?

რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?

რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

პოტენციურ პროფწევრებს იცით რას ვურჩევდი?-გაეკეთებინოთ გონიერი არჩევანი და გამხდარიყვნენ სპმთპ-ს წევრები. რატომ?-იმიტომ რომ "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" მათი ერთადერთი უფლებრივად დამცველი და მხარდამჭერი ორგანიზაციაა. როდესაც დაცული ხარ, უფრო ძლიერდები და ქვეყანასაც აძლიერებ. სწორედ ეს არის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მსურს, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია უფრო მეტად გაძლიერდეს, მყარად დადგეს ფეხზე, შეძლოს პედაგოგების უფრო მეტად დახმარება, თანადგომა და გაძლიერება.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა