32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვივინა ძიძიგური. ინტერვიუ ძალიან ორიგინალურ სიტუაციასა და გარემოში შედგა. სპეციალურად ჩვენი რუბრიკისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო დანელიასთან ერთად გადაცემა „გვირილებისა“ და ჩვენი რუბრიკისთვის: პროფწევრები განსხვავებული რაკურსით, ქნ. ვივინას დაუსვეს რუბრიკის ფორმატით მომზადებული კითხვები. ამ პროცესში დიდი დახმარება გაგვიწია ნინო დანელიამ, რომელმაც მე და საზოგადოების გაკვეთილზე „ მედისაა და ინფორმაციის“ მიმართულებით გადაწყვიტა თავის მოსწავლეებთან ერთად გაეკეთებინა საბავშვო გადაცემა“ გვირილები“, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს წარმოაჩენდა. მანამდე ქალბატონ ვივინას თავადაც მივმართე რუბრიკის ფარგლებში ინტერვიუს მომზადებაზე, მაგრამ მისი მოკრძალებული ბუნებიდან გამომდინარე, მან საზოგადოების წინაშე ამ რაკურსით გამოჩენაზე უარი განაცხადა. ვფიქრობ, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“- ამ საკითხს ემხრობა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი. რადგან არ გვინდოდა მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმატებული ლიდერის აქტიური საქმიანობა რუბრიკის მიღმა დარჩენილიყო, ამიტომ ნორჩი ჟურნალისტების დახმარებით, ორგანიზაციის ლიდერს მივმართეთ, მაგრამ მხოლოდ გადაცემის ფორმატით. ამ ბავშვების უკან თუ ჩვენც მოვიაზრებოდით, მან არ იცოდა და ეს მისთვის მოულოდნელი საჩუქარი იქნება. მან თვალებაციმციმებულ ჟურნალისტებს უარი ვერ უთხრა და თითოეულ კითხვას დიდი სითბოთი და სიყვარულით გასცა პასუხი.

გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს მოკლე ელექტრონულ ვერსიას.

რუბრიკა "პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით" გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ წარმატებებს კარიერულ და პირად საქმიანობაში.

P.S. სპეციალურად რუბრიკისთვის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ავტობიოგრაფიაც მოვიპოვეთ, მის მიერ შედგენილი და მასაც გთავაზობთ.

დავიბადე 1947 წლის 26 დეკემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში. საშუალო სკოლა დავამთავრე 1965 წელს და იმავე წლის სექტემბრიდან მუშაობა დავიწყე ჩემს სოფელში ,ხუნწის საჯარო სკოლაში უფროს პიონერ ხელმძღვანელად.1970-75 წლებში ვსწავლობდი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო- გეოგრაფიის ფაკულტეტის ბიოლოგია -ქიმიის სპეციალობაზე.ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, მოვწონდი კათედრის გამგეს ნინიკო მანგალაძეს,მას სურვილი ჰქონდა მასთან მემუშავა ლაბორატორიაში, ის პროფესორი იყო და მე ზუსტად ვაკეთებდი მცენარეთა ფიზიოლოგიაში ცდებს,ანალიზებს, რომელსაც იყენებდა თავისი მეცნიერულ მოღვაწეობაში. ჩემთვის დაუშვეს შტატი მისი მოთხოვნით, მაგრამ ვერ მოვხვდი ვინაიდა ამ შტატზე პარტიის ქალქკომის მდივნის შვილი დანიშნეს( მე კი გლეხის შვილი ვიყავი). მე ხელი მოვაწერე განათლების სამინისტროს განაწილებას და წავედი სამუშაოდ ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ბიოლოგია-ქიმია მასწავლებლად, სადაც ვიმუშავე 1975- 78 წლებში. 1978 წლიდან მუშაობა დავიწყე მარტვილის განათლების განყოფილებაში ბიოლოგია -ქიმიის ინსპექტორად, თანაც პარალელულად ვმუშაობდი გაჭედილის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლად. შემდეგ 1993 წლიდან ხუნწის საჯარო სკოლას ბიოლოგიის მასწავლებლად. 1984 წლის 16 ოქტომბრიდან ამირჩიეს განათლების მუშაკთა პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.მახსოვს როგორ არ მინდოდა პროფკავშირი.... თვეები არ ვასრულებდი მოვალეობას. განათლების განყოფილებაში მუშაობა ემთხვეოდა ჩემს სპეციალობას, ვერ წარმომედგინა სხვა კუთხით მუშაობა... მაგრამ წლებმა მიჩვენა -პროფკავშირული საქმიანობა ჩემი ცხოვრების აზრია.სკოლა, ბავშვები, ბუნება და პროფაკაშირი ეს ჩემი ყოველდღიური ბედნიერი ცხოვრება იყო. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. გასულ წელს ჩემი საყვარელი საქმიანობა გადავაბარე ახალგაზრდა მასწავლებელს, გავაგრძე მხოლოდ პროფკავშირული საქმიანობას.

სკოლასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. მარტვილის კანიონმა რომელიც 2016 წელს გაიხსნა მსოფლიოში გაითქვა სახელი, მანამდე მე და ჩემი მოსწავლეები ვიყავით პირველი მკვლევარები და ტურისტებიც. ვსწავლობდით რაიონის ბუნების ძეგლებს, სამკურნალო მცენარეებს, ბუნების საიდუმლოებებს ... ასევე შევისწავლეთ ტობასა და ონიორეს ჩანჩქერები, მოთენას ღვიმე. მდინარეების აბაშისა და წაჩხურუს ხეობა უნიკალური ფლორა -- ფაუნა და ბუნების საიდუმლოებები. მოსწავლეების მიერ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებზე წარდგენილი თემებით სპეციალისტების მოწონებას და ჯილდოს იმსახურებდა. ყველა სკოლაში, სადაც კი მიმუშავია( ხობი ქარიატის , მარტვილში-გაჭედილისა და ხუნწის საჯარო სკოლებში) ყველგან დავტოვე მწვანე ავტოგრაფები, სანამ ეს მცენარეები იცოცხლებენ მეც ვიქნები ალბათ, - გამიხსენებენ.

ჩემთვის დაუვიწყარია ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მარტვილის მონასტერში გაკეთებული ყვავილნარები.

რაც შეეხება პროფკავშირულ საქმიანობას, ეს ყველასთვის ცნობილია. თითეული წევრის საჭიროება ჩემი ყურადღების ცენტრშია. ამიტომ ყველა ბაღი და სკოლა გარდა ერთის სკოლისა პროფ წევრები არიან. მეორე წელია მომუშავე პროფწევრებს შემოუერთდა არა მომუშავე 26 ახალგაზრდა მასწავლებელი.ისინი ჩვენი წესდების მუხლი 3-ის, პუნქტი 3-4-ის საფუძველზე გავაწევრიანეთ, სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში ისინი უკვე პროფწევრებიც არიან.

ჩემთვის პრიორიტეტია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. მარტო მიმდინარე წელს, როცა COVIT 19-მა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა მასწავლებლები, კრიზისის დასაძლევად ჩვენი დაფინანსებით (9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით) ჩავატარეთ დისტანციური ონლაინტრენინგები ,,teams-ის პროგრამის სწავლებაში გამოყენების მიზნით“. ჩატარდა 31 ტრენინგი. სწავლება გაიარა 284 მასწავლებელმა 5ივნისიდან კი ჩავატარეთ პრაქტიკოს მასწავლებელთა დასახმარებლად ონლაინტრენინგები დაწყებითი 1-4 და 1-6 კლასების მასწავლებელთათვის ქართული ენა და ბუნებისმეტყველება. შემდეგ გამოცდების შემოდგომით გადატანასთან დაკავშირებით შევწყვიტეთ და გავაგრძელეთ 20 სექტემბრიდან და ახლაც ვატარებთ. 63 მასწავლებელი, რომლებსაც სტატუსის შესაცვლელად გარე დაკვირვება ჰქონდათ დარჩენილი და კორონავირუსმა მათი წინსვლა შეაფერხა, მათ დასახმარებლად ჩავატარეთ ონლაინტრენინგის 16 მეცადინეობა ,,დისტანციური სწავლების შესახებ“, ხოლო 17 ოქტომბრიდან დავიწყებთ ონლაინ ტრენინგებს ,,ონლაინ გარე საგაკვეთილო დაკვირვების შესახებ“.

ნათქვამია, ცხოვრება დიდებული ნაწარმოებია , თუ მკითხველი ვარგაო, ვცდილობ, ვიყო არა მარტო სხვისი ცხოვრების მკითხველი, არამედ ჩემი ცხოვრების მწერალიც. ამის მაგალითს და სტიმულს (მიუხედავად ჩემი ასაკისა) მაძლევს ჩემი პრეზიდენტი მაია კობახიძე. მისგან ბევრი ვისწავლე და ვსწავლობ. დაბოლოს ჩემი ოჯახი - ჩემი ორი ძმა და მისი 6 შვილია. 2006 წელს ჩემს ძმიშვილს, რომელსაც მამაჩემის სახელი ერქვა, შეეძინა გოგონა. მე მთხოვეს ბავშვის დაბადების მოწმობა გამომეტანა. გამოვიტანე -მოწმობაში ვკითხულობ, ვივინა ბუხუტის ასული ძიძიგური წერია... ვიფიქრე შეცდომით შეუვსიათ ,შევბრუნდი დასაბრუნებლად, მაგრამ შეცდომა არ ყოფილა...სურპრიზი იყო... მე მაშინ ხელახლა დავიბადე .... ჩემს პატარას ჩემი სახელი დაარქვეს. ამით ჩემი სიცოცხლე გაგრძელდა.

ინტერვიუს მოკლე ამონარიდი

მოგვიყევით თქვენ შესახებ. როგორია თქვენი ცხოვრებისეული გზა და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ, რომ გამხდარიყავით წარმატებული ადამიანი?

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ განაწილებით სამუშაოდ წამოვედი ხობის რაიონში, კაიაკის საჯარო სკოლაში , სადაც მუშაობა დავიწყე ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. სამი წლის შემდეგ წავედი მარტვილში და მარტვილის რაიონის განათლების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა ინსპექტორად, სადაც წლების მანძილზე აღმზრდელობით დარგში ქიმია-ბიოლოგიას ვხელმძღვანელობდი, პარალელურად ვმუშაობდი სკოლაშიც. სკოლაში მუშაობა არ შემიწყვეტია, ეს იყო გაჭედილის საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებთან ერთად 12 წელი ვიმუშავე.ეს წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება.იმ პერიოდში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიკვლებდი მარტვილის კანიონის ფლორას და ფაუნას. სკოლა და სამსახური ერთმანეთთან ისე შერწყმული იყო და ძალიან საინტერესოც, მით უმეტეს ზალიან მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და მათთან ძალიან ახლოს ვიყავი. იმ პერიოდში, როცა მე გაჭედილის სკოლაში ვასწავლიდი 15 ექიმი გამოიზარდა.

1984 წელს ამირჩიეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეთ, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სწავლება მაინც არ შემიწყვეტია.სამუშაოდ გადავედი ხუნწის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად, სადაც დაუვიწყარი წლები გავატარე. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და რომ ბავშვებს უფრო ახალგაზრდა მასწავლებელთან ურთიერთობა უყვართ.ამიტომ დავტოვე პედაგოგიური საქმიანობა და პროფკავშირული ხაზით საქმიანობა გავაგრძელე. ძველი მოსწავლეები ახლაც მეხმიანებიან ,მკითხულობენ. მეც მენატრება სკოლა და მათაც ენატრებათ ჩემთან ურთიერთობა. ასე რომ, ის წლები, რომელიც სკოლას დავუკავშირე ჩემთვის უბედნიერესი იყო, თუმცა არც ახლა ვწყვეტ ბავშვებთან ურთიერთობას, რადგან ახლა ვიცავ მათი მასწავლებლების უფლებებს და ვეხმარები მათ კარიერულ წინსვლაში, რითაც განათლებასთან ურთიერთობის ჯაჭვი არ გამიწყვეტია. პროფკავშირის დახმარებით მივაღწიეთ, რომ თქვენ მაღალი კვალიფიკაციიის მქონე მასწავლებლები გასწავლიდნენ, რადგან ახლა მარტვილიც რაიონს ბევრი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. წელს 62 წამყვანი მასწავლებელი შეგვემატა.მინდა გავიხსენო ხუნწის სკოლაში სწავლების ბოლო პერიოდი, როდესაც მცენარეებით გავაკეთეთ საქართველოს რუკა და ზღვის ფერადი ქვებით ვაპირებდით საქართველოს დროშიც გაკეთებასაც, მაგრამ იმ პერიოდში დავტოვე სკოლა და დროშა აღარ გამიკეთებია. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე დაწყებულ საქმეს დავასრულებ და თქვენთან ერთად ფერადი ქვებით სკოლისთვის სამახსოვროდ დროშას გავაკეთებ. დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ და გამახსენეთ ჩემთვის ძალიან ძვირფასი წლები და მასწავლებლობა, ჩემი სპეციალობა, რომელიც ძალიან მიყვარს.

რა არის თქვენთვის წარმტება?

რადგან სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი, ამიტომ ჩემთვის წარმატება მაინც სკოლას და პროფკავშირულ საქმიანობას უკავშირდება.წარმატებაა მასწავლებელთა უფლებების დაცვაა, წარმატებაა ნიჭიერი თაობების აღზრდა და ის სიყვარული რომელსაც მოსწავლეებისგან გრძნობ. ჩემს მიერ ჩატარებული ყოველი გაკვეთილი და მოსწავლეებისგან წამოსული უკუკავშირი. წარმატებაა როდესაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელიც არ იშურებს ძალას და ენერგიას, რათა მასწავლებლებს კარიერული წინსვლის გზაზე უკეთესი პირობები შეუქმნას და მე ასეთი ძლიერი ლიდერის ხელმძღვანელობით ვმუშაობ. არაერთი პედაგოგის სასარგებლოდ განხორციელდა ცვლილება პროფკავშირის ჩართულობით, რაც პედაგოგების საქმანობის წარმატებასა და წინსვლაში გამოიხატა. მასწავლებლების წარმატება კი უკვე ჩემი წარმატებაცაა.

რა არის თქვენთვის მოტივაცია?

ვფიქრობ, თითოეული დღე მოტივაციის მომცემია და მაძლევს ძალას და ენერგიას ცხოვრებაში სიახლე შევიტანო, გარკვეული სიკეთე გავაკეთო და ბედნიერად ვიგრძნო თავი, რომ ვიღაცას რაღაცაში ვასიამოვნე, პრობლემური საკითხი დადებითად გადავუწყვიტე. თითოეული მასწავლებლის ზარი, გამოგზავნილი შეტყობინება ჩემთვის მოტივაციაა, რომ მათთვის უფრო მეტი გავაკეთო პროფესიული, უფლებრივი და სოციაურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ჩემი ყოველდღიურობა ძალიან დატვირთულია, აქტიურად ჩაბმული ვარ ორგანიზაციულ საქმიანობაში, ვგეგმავ პროფესიული განვითარების კუთხით ტრენინგებს, აქტიურად ვურთიერთობ პედაგოგებთან და მათთან ერთად პრობლემურ საკითხებზე კონსულტაციებს გავდივარ და ვსახავ მათი მოგვარების გზებს. ჩემს რაიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 1000-ზე მეტი პედაგოგი, რომელთა ინტერესები ინდივიდუალურად უნდა მოვისმინო და დავეხმარო. ფაქტობრივად არ მაქვს თავისუფალი დრო.

რას ნიშნავს თქვენთვის ლიდერობა და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად ერთპიროვნული ხართ?

ლიდერობა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან იგი დაკავშირებულია ავტორიტეტთან, რომელიც უნდა მოიპოვო. ლიდერობა ნიშნავს შენს გარშემო მყოფი თითოეული წევრის ხასიათის შესწავლას და მათი საჭიროების განსაზღვრას, გუნდის სასიკეთოდ საქმიანობას და პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევას. ლიდერობა თავად ცხოვრებას მოაქვს. ცხოვრების თითოეული დღე ნაწარმოებივით უნდა წაიკითხო, გააანალიზო რა შეცდომები დაუშვი და რა გზებით მიხვედი წარმატებამდე. ლიდერმა გუნდი ერთი აზრის გარშემო უნდა გააერთიანოს. ერთიანობას კი დიდი ძალა აქვს და მთების გადადგმაც კი შეუძლია.ერთიანობით ნებისმიერი სირთულე ადვილად დაძლევადია.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა