32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

   მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2006 წელს პირველად საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღის - 5 ოქტომბრის აღნიშვნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმადაიწყო და უკვე არაერთი წელია, სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს. სპმთპ-ის რაიონული/საქალაქო და ავტონომიური ორგანიზაციები ადგილობრივ დონეებზე აღნიშნავენ მასწავლებელთა სტატუსის მიხედვით დაფასების დღეს, რაც ერთგვარად ტრადიციული ხასიათის გახდა. წლევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაკიღა შეზღუდულები ვიყავით მასობრივ თავყრილობებს, აქედან გამომდინარე, არ გვინდოდა საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი დღე უყურადღებოდ დაგვეტოვებინა და ჩვენი წვლილი არ შეგვეტანა 5 ოქტომბრის აღნიშვნის პროცესში. ეს დღე, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ძვირფასია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან სკოლას და მომავალი თაობის აღზრდის პროცესს, რომლებმაც მთელი თავისი ენერგია, კვალიფიკაცია, გამოცდილება მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ჩადეს და ცხოვრება მიუძღვნეს სკოლას. სწორედ ასეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე მოვახდინეთ აქცენტირება და საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 50 წლამდე მუშაობის სტაჟის მქონე პედაგოგები. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს. წარმატებულმა, ასაკოვანმა პედაგოგებმა სხვადასხვა ფორმაციაში დიდი გზა და გამოწვევები გაიარეს, წინ კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მით უმეტეს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემაა. ჩვენი მოკრძალებული წვლილით, რომელიც აღნიშნული ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობის ორგანიზაციის გვერდზე წარმოჩინებითგამოიხატება (იმედია, არ გვიწყენთ, თუ ვერ შევძელით ყველა პედაგოგის წარმოჩენა); ინტერვიუს ფორმატით მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას გილოცავთ დღევანდელ დღეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 5 ოქტომბრის დამფუძნებელთა გზავნილს: 5 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებელთა ხმები უნდა გაჟღერდეს, რათა მთავრობებს შევახსენოთ მათი ვალდებულებები, ამაღლდეს და დაფასდეს მასწავლებლის პროფესიის სტატუსი. p.s.საინტერესოა, წარმატებული, ასაკოვანი პედაგოგების მდგომარეობა თანამედროვე რეფორმის გამოწვევების პირისპირ.

 ამჟამად ჩვენი სტუმარია ალექსანდრა ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სსიპ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის წამყვანი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, მუშაობის ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით.

დოსიე: დავიბადე 1950 წლის 9 სექტემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში. 1967 წელს დავამთავრე ამავე რაიონის, სოფელ მუხიანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტზე,რომელიც 1971 წელს დავამთავრე და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, გამანაწილეს ხარაგაულის რაიონის, სოფელ ბორითის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1972 წელს საცხოვრებლად გადავედი სოფელ ვერტყვიჭალაში და მუშაობა განვაგრძე ვერტყვიჭალის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, მოგვიანებით კი ვასწავლიდი მათმატიკასა და ინფორმატიკას. 2011 წელს ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები, გავხდი სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. 2018–2019 სასწავლო წელს გავიარე ყველა სავალდებულო აქტივობა და მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს - საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. 1973 წლიდან ვარ "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" ვერტყვიჭალის სასკოლო ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2015 წლიდან ასევე არჩეული ვარ შეფასების ჯგუფის ფასილიტატორად და დღესაც განვაგრძობ ამ ორივე სტატუსით მუშაობას, ვარ სპმთპის რაიონული საბჭოს წევრი. მყავს სამი შვილი: ვაჟი და ორი ქალიშვილი. ერთ მათგანს, პედაგოგს, ჰყავს ორი შვილი, ხოლო ვაჟს, რომელიც ასევე მეუღლესთან ერთად პედაგოგები არიან ჰყავთ ერთი ვაჟი.

გაააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას, რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე და გავიზარდე შუაგულ იმერეთში, წყალტუბოს რაიონის ულამაზეს სოფელ ფარცხანაყანევში, დღეს ხარაგაული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს აქ უკვე გაიზარდნენ ჩემი შვილები, აქაა ჩემი გვარის ფესვები და აქ გავხდი პედაგოგი. ხარაგაული ესაა დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთი, „ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ“, თავისი ულამაზესი ბუნებით, აზიდული მთებითა და თბილი და მოსიყვარულე ადამიანებით. ხარაგაული მდიდარია ულამაზესი საკურორტო თუ სხვადასხვა დანიშნულების ადგილებით. ფარცხნალი, უბისა, ზვარე , ბორი, ნუნისი და ა.შ., სადაც გაიზარდნენ საამაყო მამულიშვილები და საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს ისტორიაში. საკმარისია, გავიხსენო ევგენი ხარაძე, რომელიც ფარცხნალიდანაა და არამარტო ის, ბევრი ცნობილი ადამიანების აკვანი დარწეულა ამ სოფელში და მას სულ მალე დაერქმევა „სოფელი მუზეუმი“. სოფელ ბორი, განძი რომელიც აქაა აღმოჩენილი, დაცულია ერმიტრაჟში; სოფელი უბისა - ესაა სულიერი ცხოვრების მემატიანე. ყოველივე, რაც ჩამოვთვალე და კიდევ მრავალი სხვა ადგილი, მდიდარი ისტორიული წარსულით კარგი, მასალაა მოსწავლეების აღზრდისათვის, რასაც ძალიან ეფექტურად ვიყენებთ. არსებობს ასეთი აზრი, რომ ხარაგაული ესაა სამყაროს ცენტრი და იქაა ნოეს კიდობანიც. არ ვიცი, ეს სწორია თუ არა, მაგრამ ხარაგაული რომ მდიდარია უძველესი სალოცავებით, ეს სიმართლეა. საკმარისია უბისის მონასტერი ვახსენო. ესაა ახალგაზრდობის ძალიან საყვარელი ადგილი და ხშირად ვსტუმრობთ მოსწავლეებთან ერთად. ვერტყვიჭალის მკვიდრია კათოლიკოს პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომლის მუზეუმი გაიხსნა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში და ეს არის ამ სოფლის და რაიონის მდიდარი ისტორიული წარსულის მატიანე, რასაც ამჟამადაც აგრძელებენ ხარაგაულელები. მოსწავლეთა აღზრდის კერები გარდა სკოლებისა- მრავლადაა. საკმარისია, ქალბატონ იზა ვეფხვაძის საქმიანობა, რომელიც ხშირად სტუმრობს რაიონის სკოლებს და მოსწავლეებს აზიარებს კულტურისა და ხელოვნების კორიფეების ცხოვრებას. ყველას ვერ ჩამოვთვლით. ყოველივე ეს მცირედია იმასთან, რაც მოსწვლეთა სასკოლო ცხოვრების თანამდევია და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ეზიარებიან ხოლმე მას. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა გამორჩეულია შრომისმოყვარე ახალგაზრდებით, ამ კედლებში აღიზარდნენ მასწავლებლები, ექიმები, კულტურისა და სხვა დარგის სპეციალისტები.საკმარისია ვახსენო ოპერისა და ბალეტის სოლისტი, მომღერალი მამუკა ლომიძე, მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის სულისჩამდგმელი მამა მირიან სამხარაძე, ჩვენს რაიონსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლითაც ამაყობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თითოეული თანამშრომელი, დირექტორით დაწყებული ტექნიკური მუშაკებით დამთავრებული, რადგან ამ წარმატებაში ყველას მიუძღვის წვლილი, რა თქმა უნდა, მათ მშობლებთან ერთად. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ყოველგვარ გასართობ, შემეცნებით თუ სპორტულ ღონისძიებებში. ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი იმერეთის ჩემპიონია. ორი დღის წინ სკოლაში ჩატარდა „ევროპული ენების დღეების“ დასკვნითი ღონისძიება და კიდევ ბევრის თქმა და დაწერა შემიძლია. ესაა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა, გამორჩეული თავისი მოსწავლეებით, მშობლებითა და სკოლის თითოეული თანამშრომლით, რომლებიც ერთობლივი საქმიანობით ,შეძლებისდაგვარად, ეხმარებიან ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში. სკოლის პედაგოგთაგან ყველა უმაღლესი სტატუსისაა, გარდა მასწავლებლებისა, რომელთაც გადაეცათ მონათესავე საგანი გადანაწილებით და ჯერ ამ მეორე საგანში არიან პრაქტიკოსები. სკოლის სამი მასწავლებელი წამყვანია. ყველა წარმატება ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის თანამშრომელთა დამსახურებაა, მეც ამ კოლექტივის ერთ–ერთი წარმომადგენელი და გულშემატკივარი ვარ.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. გაკვეთილების შემდეგ უბანში ვიკრიბებოდით მეგობრები და ვთამაშობდით „მასწავლებლობანას“ და რატომღაც სულ მე ვიყავი მასწავლებელი. ზოგჯერ სკოლის დავალებებსაც კი ვასრულებდით და ვეხმარებოდით ერთმანეთს. მერე უკვე არ ვიცი ამ მიზეზით თუ ჩემი პედაგოგების სიყვარულით, ალბათ, ორივე მიზეზით, უფრო და უფრო გაიზარდა ეს სიყვარული. მაღალ კლასებშიც კი ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებლები და განსაკუთრებით - ჩემი მათემატიკის მასწავლებელი. თითქმის სულ მე მახსნევინებდა ახალ მასალას, ალბათ, თვლიდა რომ მოსწავლეები თანატოლს უფრო უსმენენ და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ გვაჩვევდა ამ რთულ საგანს და ამით გვიადვილებდა მასთან შეგუებას. არ ვიცი, ასეა თუ არა, მეც გამომყვა ჩემი მათემატიკის მასწავლებლის ჩვევა, ავხსნი თუ არა მასალას, ვაძლევ დროს გააზრებისთვის და ვისაც ეს შეეძლება, ერთხელ კიდევ ვისმენთ ახსნას ახლა უკვე მოსწავლისგან. რა თქმა უნდა, როგორც ჩემი მასწავლებელი, მეც დროდადრო ვუსწორებდი, რაც შეეშლებოდა. ჩემი მოსწავლეობის ბოლო წლებში ინგლისურის ახალი მასწავლებელი მოგვივიდა და ისე კარგად ავითვისე ეს უცხო ენა, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა კარგად მესმოდა და კარგი შედეგებიც მქონდა, მაინც ბოლოს უცხო ენების ფაკულტეტი ავირჩიე, მაგრამ ისე დიდი კონკურსი იყო, მირჩიეს, ჯერ ბედი მათემატიკის ფაკულტეტზე მეცადა, გამეგო გამოცდის არსი და მომავალ წელს ინგლისურზე ჩამებარებინა. საბედნიეროდ, პირველსავე ცდაზე, გავხდი სტუდენტი, რაც უდავოდ ჩემი მათემატიკის მასწავლებლის დამსახურებაა. არც არაფერი არ წამიგია, მიყვარდა ეს საგანი, სტუდენტობისას კი უცხო ენად მაინც ინგლისური ავირჩიე.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

რომ გითხრათ, დავიწყე თუ არა მუშაობა, მაშინვე მქონდა წარმატების ამბიცია, არ ვიქნები სწორი. მე როგორც დოსიეში აღვნიშნე, განაწილებით მოვედი ხარაგაულის რაიონში. როგორ ფიქრობთ, 21 წლის ახალგაზრდა სრულიად უცხო მხარეში მარტოდმარტო, ვიფიქრებდი წარმატებაზე? - მაშინ ჩემი ერთადერთი საზრუნავი იყო როგორმე შევგუებოდი ახალ რეალობას, მემუშავა და როგორმე შემძლებოდა გამეცნობიერებინა, რომ ვარ მასწავლებელი და ის რისი გაკეთებაც სკოლაში მიწევს, არსად არ მისწავლია. ამ სირთულის დაძლევაში დამეხმარნენ ჩემი კოლეგები, ოჯახი, სადაც დავიდე ბინა და ჩემი მონდომება: მე ეს უნდა შევძლო! პირველად, როცა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დამესწრო გაკვეთილზე, გაიგო თუ არა დამწყები, ორი თვის სტაჟის მქონე პედაგოგი ვიყავი, გაკვეთილის გაანალიზების დროს, სპეციალურ ჟურნალში ჩამიწერა:„არ ჰგავს დამწყებ მასწავლებელს და ყველანაირად შეუწყვეთ ხელი მუშაობაში“. ამ სიტყვებმა იმედი ჩამისახა და მას შემდეგ, ყოველდღე ,ვცდილობ, გავაკეთო შესაძლებლობის მაქსიმუმი. გავიარე ყველა სახის ტრენინგი, რაც კი სწავლების გაუმჯობესებაში შემიწყობდა ხელს. ძირითადად, რთული საგანია მათემატიკა და რაც უფრო იოლად წარმოაჩენ თითოეულ თემასა თუ რაიმე დამოკიდებულების ფორმულას, ათვისებაც გაადვილდება. პირველი წარმატება ვიგრძენი, როცა ჩემმა კურსდამთავრებულმა ჩააბარა მისაღები გამოცდა, ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყის გრძნობა და ჩემი მუშაობის მანძილზე უამრავი მქონდა ასეთი შემთხვევა მქონდა . აი, ესაა წარმატება. ვერავითარი ჯილდო, მადლობის სიგელი თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ შეგრძნებას, რაც ასეთ მოსწავლეებთან შეხვედრისას დაგეუფლება. რაც შეეხება მოტივაციას, ისიც მოსწავლეებისგან მოდის და როცა გხვდება მოსწავლე, რომელიც ცელქი, მოძრავი, მაგრამ ნიჭიერი იყო სკოლაში და მის სწავლებას ძალიან ბევრი შრომა, ბევრი ნერვიულობა და ზოგჯერ ზედმეტი სიმკაცრე დასჭიდა, როცა ხელი აქვს ჩაქნეული ყველას, მაგრამ მაინც არ დანებდი და ბევრი ნერვიულობის ფასად გააკეთებ მაქსიმუმს, ის კი ხალისით, მომღიმარი მოგესალმება და მადლობას გეტყვის მასზე გაწეული შრომისათვის. მას მხოლოდ მასზე ზრუნვა ახსოვს და სირთულე რაც იყო არა, აი ეს გაძლევს მოტივაციას. არ უნდა შევურიგდეთ ზოგადად მოსწავლის სწავლისადმი უინტერესობას, ყოველი ღონე ვიხმაროთ მისი უნარისა და შესაძლებლობის დონის გამოყენებასათვის და როცა წლების შემდეგ უკვე შემდგარი პიროვნება შეგხვდება, მას უკვე აღარ ემახსოვრება ის რაც შესაძლებელია ბავშვს ეწყინა, მაგრამ ჩამოყალიბებული პიროვნება ამას უკვე დიდ შრომად ჩაგითვლის და თუ მის შვილს ან ახლობელს ასწავლი, გთხოვს არ ჩაიქნიო ხელი და იმუშავო ისე, როგორიც ხარ. ასეთები ზოგჯერ არაფერს გეუბნებიან, მაგრამ მათი თვალები გადმოგცემენ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რასაც ვერ გრძნობდა როდესაც იყო ბავშვი.

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ეს კითხვა წინა კითხვის გაგრძელებაა და პირდაპირ ვიტყვი: აი, ასეთი მხარაჭერა, როგორზეც წინა შეკითხვისას ვისაუბრე, სასურველია და დიდად წაადგება ჩვენს მომავალ საქმიანობას. ძლიერი ხარ, როცა გრძნობ მოსწავლის, მშობლისა და საზოგადოების მხარდსჭერას, მაგრამ შენი საკუთარი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე რთულია, მიაღწიო წარმატებას. არა, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ უფრო გამართული ხარ და სამუშაოს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე აგრძელებ, მაგრამ თუ მაინც გაგიჭირდება წელგამართული იბრძოლებ, როცა უდიდეს თანაგრძნობას ელოდები ოჯახისა და ახლობლებისგან.

ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობის გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით განვლილ წლებს. რა მეთოდებით ხელმძღვანელობდით განვლილ წლებში და რა სურათია დღეს? თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ? სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით?

1971 წლის პირველ სექტემბერს სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა პირველად შევაღე ბორითის საშუალო სკოლის მეოთხე კლასის კარი. თვალებბრიალა მოციმციმე გოგო ბიჭები სიყვარულით მომჩერებოდნენ. მიმდინარე 2020–2021 სასწავლო წელს ორმოცდამეათედ შევაღე საკლასი ოთახის კარი V კლასში და იგივე შეგრძნება დამეუფლა. სიყვარულით, სიხარულით მომჩერებოდა 11 თვალციმციმა გოგო ბიჭები და ვთვლი კარგი არჩევანი გავაკეთე როცა ავირჩიე ჩემს მომავალ სპეციალობად პედაგოგობა. თითქოს დრო გაჩერდა და ისევ თავიდან ვიწყებ. აი ასეთი იყო ორმოცდამეათე სასწავლო წლის პიველი დღე.როცა პირველად დავიწყე მუშაობა, არსებობდა სწავლებისადმი ერთიანი მიდგომა: უხსნის, ასწავლის მასწავლებელი, მოსწავლე სწავლობს ან/და არ სწავლობს. მერე დავალებების გასწორება, გააზრება, გვქონდა მხოლოდ სახელმძღვანელოები. ვერ ვიტყვი რომ არ კითხულობდნენ ან არ სწავლობდნენ. სწავლება მიმდინარეობდა შესაბამისი პროგრამებით. იმ პერიოდში ბევრმა კურსდამთავრებულმა გაგვახარა თავიანთი წარმატებებით, მიღწევებით. იმ დროის ძალიან ბევრი მოსწავლეები არიან წარმატებულები და შესაბამისად სასიამოვნოა მათთან შეხვედრა.რაც შეეხება თანამედროვე სასწავლო პროცესს, აქ ერთი რომელიმე მეთოდი ან მიდგომა ვერ გაგვიყვანს სათანადო შედეგზე. შეიცვალა მოსწავლეთა მიდგომები სასწავლო პროცესის მიმართ. ახლა მიდგომები ინდივიდუალურია და ის განსაზღვრავს მეთოდებსაც. თუ ადრე წიგნი იყო ცოდნის მიღების ერთადერთი საშუალება, თანდათანობით, და არა ერთდროულად ჩაანაცვლა იგი სხვადასხვა საშუალებებმა, ბეჭდური თუ ელექტონილი ლიტერატურა, ინტერნეტით მოძიებული მასალები და ასე შემდეგ. შესაბამისად თანდათანობით იცვლებიდა სწავლების მეთოდები და მიდგომები, მოსწავლეს მოეთხოვება თავისი უნარისა და შესაძლებლობის მიხედვით სწავლა, ეძლევა მზა მასალები, ელექტრონული რესურსები, რამაც თანდათან სახელმძღვანელოები მეორე ადგილას გადაიტანა. თანამედროვე მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ესაა, დაუბრუნონ მოსწავლეებს წიგნის კითხვის სურვილი, რამეთუ კარგია ინტერნეტით მოძიებული მასალები, მაგრამ არასაკმარისია, რადგან აუცილებელია მოსწავლემ ისწავლოს და უყვარდეს კითხვა, შეძლოს თვითონ შექმნას რაიმე ახალი და არ იყოს მხოლოდ მზა მასალოს იმედად. აუცილებელია მოსწავლეთა აზროვნების განვითარება, რასაც აუცილებლად სჭირდება კითხვა, წერა, რაღაც ახლის შექმნა.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უმადურობა იქნება ვთქვა,რო არავინ არ აქცევს ყურადღებას მასწავლებელს და ესაა მიზეზი - მეთქი. არამც და არამც! მასწავლებელი ჯერ ასეთი დაფასებული არასდროს არ ყოფილა და ასეთი მაღალი შრომითი ანაზღაურება არ ჰქონიათ. ალბათ, გამოჩნდებიან ვინც იტყვის „მერედა რას ყიდულობ ამ ხელფასითო“, მაგრამ ეს არაა მთავარი, ძირითადად აქ პრაქტიკოსი პედაგოგების ხელფასებზეა აქცენტი გადატანილი. არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ პრაქტიკოსებს მეტი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. ჩემი სკოლის მაგალითზე - არ გვყავს პრაქტიკოსი, მხოლოდ გადანაწილებული საგნების მასწავლებლებს სჭირდებათ სტატუსი, თუმცა ისინი გამოცდილი და თავისი საგნის სპეციალისტები არიან და მათი ჩანაცვლება მაძიებლით უხერხულობას ქმნის. მე ისიც მესმის, თუ მაძიებელი არ მივიღეთ სკოლაში, სულ მაძიებლები ხომ არ იქნებიან, როგორ გახდება მასწავლებელი. ეს ძალიან რთული და უხერხული სიტუაციაა, ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს რომელიმე მხარის გაკიცხვისგან, ეს აზიანებს მასწავლებლის პრესტიჟს. კარგი სპეციალისტები ასკოვან პედაგოგებშიც არის და მაძიებლებშიც, თუმცა ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ. ერთი მინდა თამამად აღვნიშნო. აქ რასაც დავწერ ჩემი აზრია და არავის არ ვკიცხავ. მე რადგან ვიცოდი რომ სკოლის გარეშე გამიჭირდებოდა, გამოცხადდა თუ არა სერთიფიცირება, მაშინვე დავიწყე მზადება. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ატესტაციაც გავიარე, უმაღლესი კატეგორია მქონდა და უფროსი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ გამოცხადდა თუ არა ტრენინგები, მაშინვე ჩავერთე. 2011 წელს გავხდი სერთიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. 2016–2018 სასწავლო წლის მანძილზე გავიარე ყველა სავალდებულო აქტივობები და 2019–20 სასწავლო წელს გავხდი უკვე წამყვანი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას რომ მე რომელიმე პრაქტიკოს ანდა უფროს მასწავლებელზე მეტი ვარ, არა და არა, უბრრალოდ მე მეტი ვიმუშავე, რათა ჩემთვის არ ეთქვათ პენსიონერი ხარ და ..... ახლაც ვთვლი, რომ ჩემს ადგილას ვინმე ახალგაზრდამ შესაძლებელია მეტი გააკეთოს და ამიტომ ვცდილობ არ ჩამოვრჩე, ავითვისო სიახლეები, ვისწავლო და მოვერგო სწავლა/სწავლების თანამედროვე მიდგომებს. ვცდილობ ვიყო აქტიური და მხოლოდ ასე წარმომიდგენია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. აქვე მორიდებით მინდა ერთ პრობლემას შევეხო: მოსწავლეებმა იციან მხოლოდ თავისი უფლებები და დაივიწყეს თავისი მოვალეობები, ხოლო მასწავლებელს დაუტოვეს მხოლოდ მოვალეობები და არავინ საუბრობს მასწავლებლის უფლებებზე. რაც არ შეუწყობს ხელ პროფესიის პოპულარიზაციას,თუმცა მთავარი მაინც მასწავლებელია. თანამედროვე პედაგოგი უნდა იყოს მორგებული და ფლობდეს ახალ გამოწვევებსა და სწავლა/სწავლების ახალ უნარებს. თითოეული მასწავლებელი მხოლოდ თავისი შრომით გახდება გახდება პოპულარული, ამისათვის კი მთლიანად უნდა დაიხარჯოს და თუ არ შეუძლია, ძალიან კარგი ღონისძიება იყო პენსიონერი მასწავლებლების გაცილება შესაბამისი ჯილდოთი და ეს ნაბიჯი თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა გადადგას.

რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად და რა პრობლემები რჩება დარგის გამოწვევად ამ დროისთვის?

როგორც ყველა პროცესი და ყველაფერი ვითარდება და იცვლება, ამიტომ საჭირო არის და მოხდა კიდეც რეფორმები. ეს იმდენად გლობალური პროცესია, ასე ადვილად ვერ შევაფასებ, რეფორმა საჭირო იყო და განხორციელდა. ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ პროცესს, მიღწევები უნდა აისახის მოსწავლეებზე. ყოველ რეფორმას შესაბამისი მასამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ, ტრენინგები, მასწავლებელთა გადამზადებები. ამ დროს იცვლება ღირებულებები, ის რა მეთოდებიც იყო რეფორმამდე, არ გამოდგება სიახლის დასანერგად. არის წარმატებები არის პრობლემები, დრო თანდათან ასწორება ამ ბალანს. მე მხოლოდ სახელმძღვანელოებს შევეხები. სახელმძღვანელოების თემა ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს და ვთვლი, რომ ყველა სკოლაში ერთნაირი არჩევანი უნდა იყოს და ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა კომპეტეტურმა ჯგუფმა, რათა მერე არ ითქვას კარგად ვერ შეარჩიეთ სახელმძღვანელოებიო ან/და მავანმა არ მოიმიზეზოს, არჩევანი არ იყო თავისუფალიო. რაც შეეხება დანარჩენ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, ყველა სკოლამ უკვე დამატებით სახელმძღვანელოდ აირჩიოს თავისი სურვილით. მე ვფქრობ ეს საკითხი მოსაგვარებელია.

რა საგნის სპეციალისტები არიან სკოლაში განსაკუთრებით დეფიციტური და რატომ? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

სკოლებში მცირესაათიანი საგნების მასწავლებელთა დეფიციტია, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში. მცირე საათებზე ანაზღაურებაც დაბალია და ამიტომ ხდება ამ საგნის საათების გადანაწილება მონათესავე საგნის მასწავლებლებზე. მეორე მიზეზი სკოლებში მასწავლებლების დეფიციტისა ისაა რომ ახალგაზრდები არ მიდიან მაღალმთიან რეგიონებში სამუშაოდ. თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის საკმარისი საათები, იწყება დავა როცა ზოგიერთ რეგიონებში ამ საგნის მასწავლებელთა დეფიციტია. დავა ძირითადად 60 წელს ზემოთ მაწავლებლებთან აქვთ, ესენი პენსონერები არიან და ჩვენ სამუშაო არ გვაქვს და სულ მაძიებლები ხომ არ ვიქნებითო. მაგალითისთვის ჩემი განაწილებაც საკმარისია. მე რომ უარი მეთქვა განაწილებაზე, შესაძლებელია მცირე საათები ჩემს სოფელშიც მეშოვნა, მაგრამ მე ვთვლი, 1971 წელს ჩემს ცხოვრებაში გადავდგი საუკეთესო ნაბიჯი, წამოვედი ხარაგაულში, სადაც ვიპოვე ჩემი ადგილი ცხოვრებაში, მაქვს ოჯახი. მყავს არაჩვეულებრივი შვილები შვილიშვილები და იმისათვის რომ შევძლო ახალ გამოწვევებს ავუწყო ფეხი, გავიარე ყველა საჭირო აქტივობები. რაც შეეხება ახალგაზრდებს, დასაქმების მხრივ უკვე ვისაუბრე, სამსახური სადაც დეფიციტია და სადაც საჭიროა პეციალისტები იქ მოითხოვონ, დანარჩენს დრო გამოასწორებს. მოსწავლეებზე კი შემიძლია ვთქვა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მომავალი თაობა, სრულიად განსხვავებული, მხოლოდ საჭიროა მათთვის გზის მიცემა, აღზრდა. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ როგორც პიროვნება, ამისათვის სახლში მშობლის ავტორიტეტია საკმარისი, სკოლაში კი მასწავლებელის. ამის შემდეგ ვასწავლოთ და დავეხმაროთ მიიღონ ცოდნა თავიან უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისად. ჩვენს ახალგაზრდობას წინა თაობისგან განსხვავებით მეტი შესაძლებლობა აქვს. ჩემი მუშაობის დაწყების პერიოდში ძალიან კარგი თაობა და მოსწავლეები იყვნენ. ისინი პირველ რიგში იცნობდნენ თავიანთ მოვალეობებს, არ სჭირდებოდათ და არც იყო აუცილებლობა მათი უფლებების წინ წამოწევა, მოსწავლის უფლებები მკაცრად იყო გაწერილი, პედაგოგებისთვის არ იყო მისი განმარტება საჭირო. ამის აუცილებლობა არც ახლაა, თითოეული მოსწავლე კარგად იცნობს თავის უფლებებს, მხოლოდ ზოგჯერ მოვალეობები ავიწყდებათ და სწორედ ამითაა განპირობებული გაკვეთილებზე დასწრების პრობლემები, თუმცა აზროვნება იმდენად აქვს განვითარებული, გაკვეთილზე მოსმენით ითვისებენ სავალდებულო მონიმუმს, დავალებისათვის განკუთვნილ დროს კი ინტერნეტ სივრცეში ატარებენ. რომ ვთქვა ეს ძალიან ცუდია მეთქი, არ ვიქნები მართალი, ოღონდ აუცილებელია ყოველივე ამას აკონტროლებდეს მშობელი. წინა თაობის 15–16 წლის ახალგაზრდა დღეს რომ მოხვდეს ამ სიტუაციაში, ვერაფერს ვერ შეძლებს, არა და მეცნიერების მიღწევები, თუნდაც ის რასაც დღეს თითოეული ახალგაზრდა იყენებს, ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა მრავალი იმ ძველი დროის მოაზროვნე ადამიანებმა შექმნეს და მოუტანეს ამ თაობას. იგივე მოვალეობა მათაც აკისრიათ, საზოგადოება წინ მიდის და ახლანდელი ახალგაზრდების მოვალეობაა მომავლის საფუძველის შექმნა.

როგორც პედაგოგი ძალიან ბევრი სიახლის მომსწრე იქნებოდით. სწავლების დასაწყისში ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იქნებოდა. თანამედროვე პედაგოგს ამ ყველაფერთან ადაპტირება მოუწია. თქვენ როგორ გადაეწყეთ როგორც პედაგოგი ამ მიმართულებით?

ორმოცდაათი წელი საკმაოდ დიდი დროა, რომ გაიზრდო და ფეხი აუწყო ახალ მოთხოვნებს. მართალია, არ იყო ტექნოლოგიები, თუმცა სტუდენტობის ბოლო წელს ინსტიტუტში ვისწავლეთ „ალგოლ 60“, ეს იყო ელექტრონული აპარატურა, შეგვქონდა რაღაც მონაცემები და ასე შემდეგ, და როგორც კი სკოლებში დაიშვა ახალი საგანო „ინფორმატიკა“, რადგან მე მქონდა ასეთი სახის აპარატურაზე მუშაობის გამოცდილება, გავიარე გადამზადება და ვასწავლიდი ამ საგანს, თუმცა არ გვქონდა კომპიუტერები. იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა სურვილი, ენახათ და ემუშავათ კომპიუტრებზე, გაჩნდა იდეა, რა თქმა უნდა ერთობლივი, მოსწავლე–მასწავლებლის და თვეში ორჯერ მიმყავდა ისინი ხან ქუთაისის გამოთვლით ცენტრში, ზოგჯერ თბილისში, განათლების სამონისტროს გამოთვლით ცენტრში. ჩვენი მონდომების შედეგად, რაიონის სინამდვილეში პირველებს გვაჩუქეს „კორვეტის“ (12+1) კომპიუტერული კლასი. ეს იყი 80–იანი წლები, თარიღი ზუსტად არ მახსოვს. აი აქედან დავიწყე ახალ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. რთული იყო მაგრამ მონდომება მეტი იყო და მოსწავლე–მაწავლებელი ახლა უკვე საკუთარ კომპიუტერებზე, საგან „ინფორმატიკის“ სახელმძღვანელოებით გავაგრძელეთ მუშაობა, მერე პირადად ჩავერთე საგრანტო პროგრამაში, მოვიპოვე 1000 $ იანი გრანტი და შევიძინეთ თანამედროვე აუდიო–ვიდეო აპარატურა, ქსეროქსი. მომდევნო წლებში კვლავ მოვიპოვე გრანტით 5 ცალი თანამედროვე კომპიუტერები. აი ასე დავიწყეთ ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა და სულ მალე კი მოხდა სკოლების სრული კომპიუტერიზაცია. აი ეს გზა გავიარე და სტატუსის ცვლილების აქტივობების მომზადება ჩატარებაში ძალიან დამეხმარა მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ასევე საჭირო დახმარებას, როგორც ფასილიტატორი, ვუწევდი სტატუსის ცვლილების მსურველ პედაგოგებს.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ძველი და ახალი მიდგომების შეფასება ცოტა გამიჭირდება, უბრალოდ მოგაწვდით ჩემეულ ხედვას ამ მიმართულებით. სწავლებაში მიდგომების შერჩევა ყოველთვის ინდივიდუალურია და მასწავლებელი ირჩევს კლასის მოსწავლეთა კონტიგენტის შესაბამისად. სწავლებაში მთავარია როგორ, რა საშუალებით მიაწვდი მოსწავლეებს მასალას მათთვის გასაგებად და როგორი იქნება მათგან უკუკავშირი. თუ ასეთი მიდგომა არ მოგვცემს შედეგს, უნდა შევარჩიოთ სხვა, მანამ ვიდრე არ მივიღებთ სასურველ შედეგს. აქ მზა რეცეპტი არ არსებობს. ადრე ცოტა შეზღუდულები ვიყავით, თუმცა მაინც ვახერხებდით საჭირო აქტივობების გამოყენებას, ამჟამად ამ მხრივ უფრო თავისუფლებაა. მე პირადად ადრეც და ახლაც თითეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ვაწვდი მასალას, ვიწყებ სავალდებულო მასალით რაც აუცილებელია იცოდნენ, მერე ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს. ძირითადად მიწოდებულ მასალას განვიხილავ საყოფაცხოვრებო და სხვა აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ხოლო დანარჩენ მასალას საჭიროებისამებრ მივაწვდი, ვის სად და რისთვის დასჭირდება, ეროვნულ გამოცდზე ზოგადი უნარებისთვის თუ მათემატიკის ჩასაბარებლად, თორემ არიან მოსწავლეები, რომელთაც საერთოდ არანაირი შეხება არ ექნება, გარდა ყოველდღიური საყოფაცხოვრები თუ სხვა დანიშნულებით. რაც შეეხება წლევანდელ გამოცდის თემატიკას, იგი ზუსტად ემთხვევა ზოგადი უნარის თემატიკას, ალბად გაფანტულს ყოველი საგნის საგამოცდო მასალაში, ისე კი ეს ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ: ზოგადი უნარის გამოცდები საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი ფაკულტეტისთვის, რადგან მისი თემატიკა თავისუფალ აზროვნებას უვითარებს მოსწავლეს. რაც სქეხება სქემას, იგი საჭირო აუცილებლობიდან არის გამოწვეული. სქემის ფარგლებში მასწავლებელი აწესრიგებს თავის პორთფოლიოს, ამზადებს და იყენებს გაკვეთილებზე სხვადასხვა აქტივობებს. არ ვეთანხმები გავრცელებულ აზრს, თითქოს სხვა და სხვა აქტივობების ჩატარება არ არის მოსწავლეთა სწავლებასთან კავშირში. მე თამამად შემიძლია გითხრათ ყოველი აქტივობა, რაც კი სტატუსის ცვლილებისათვის მომიმზადებია, ემსახურებოდა მოსწავლეთა სწავლა/სწავლებას, და არასოდეს მისი მსვლელობა არ იყო წინასწარ გავლილი მოსწავლეებთან, მოსწავლეებმა ყველაზე კარგად იციან ეს, და თუ რაღაც შეგეშალა და ამგვარი რამ გააკეთე, მორიდებულად აუცილებლად შეგახსენებენ. მოსწავლე სუფთა დაფაა და უნდა შევეცადოთ და გავუფრღხილდათ მათ.

რამდენად ხშირად ირჩევენ თქვენი მოსწავლეები სამომავლო პროფესიად მათემატიკას?

მათემატიკა ზოგადად რთული საგანია და თუ რომელიმე მოსწავლე როგორც საჭიროა ისე დაეუფლება, მას უკვე გზა ხსნილი აქვს და დიდი არჩევანის წინაშე დგება, ამიტომ ძირითადად პრესტიჟულ ფაკულტეტებს ირჩევენ. კითხვა ასე რომ ყოფილიყო დასმული, რამდენად უადვილდებათ მისაღებ გამოცდაზე მათემატიკის ჩაბარება, გეტყოდით: უნარების გამოცდაზე ძირითადად მათემატიკას უფრო მაღალ ქულაზე აბარებენ, ვიდრე ვერბალურ ნაწილს. აქ მნიშვნელოვანია ის რომ, ვერბალურ ნაწილში ბევრი საგანია თავმოყრილი და შესაბამისად უფრო რთულად აღიქვამენ. აქ არ არსებობს მსგავსი, უნდა იაზროვნოს, მათემატიკა ძირითადად ზუსტი მეცნიერებაა და ამიტომ ეადვილებათ. წმინდა მათემატიკის გამოცდაზე კი ბარიერია დაბალი, ამიტომ ჩემი კურსდამთავრებულთაგან ძალიან ცოტს უჭირს ზღვარის გადალახვა. რაც შეეხება სამომავლოდ მათემატიკის პროფესიას აქ დაბალი მაჩვენებელია, დასაწყისში ავხსენი მის მიზეზი, თუმცა გასულ წლებში ჩემი კურდამთავრებულთაგან მყავს კოლეგა მათემატიკოსები, ჩემს მეზობელ სკოლებში სამი მუშაობს, არიან მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც. მიმდინარე წელს ორი ჩემი კურსდამთავრებული სწავლობს მატემატიკის ფაკულტეტზე. ქუთაისში (IV კურსზე) და თბილისში (III კურსზე), ბოლოს დაუბრუნდებიან თუ არა სკოლას, პასუხს მომავალი გაგვცემს. 13. პანდემიის ფონზე, ყველაფერი გაციფრულდა, დისტანციური გახდა- სასწავლო პროცესიც კი. რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემია ძალიან დიდი გამოწვევაა ზოგადად ყველა სფეროში და რა თქმა უნდა ამ მხრივ არც განათლებაა გამონაკლისი, თუმცა უნდა აღინიშნოს შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ქმედებები, რომელიც მყისიერად დაიწყო და ვისაც სწვლა უნდოდა, მასწავლებლები მზად იყვნენ. სასწრაფოდ ჩაერთო ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო, შეიქმნა თიმსის, ზუმის, ტელესკოლის და სხვა მომსახურეობის გვერდები. დისტანციური სწავლების მრავალი საშუალება გაჩნდა და შესაბამისად ვისაც უნდოდა ესწავლებინა ან ესწავლა, ამის საშუალება იყო. თუ როგორ გამოვიყენეთ, ეს ჩვენს სინდისზეა რა თქმა უნდა იყო პრობლემები, ძირითად ინტერნეტის გამოყენების კუთხით, მაგრამ მუშაობა მაინც შეიძლებოდა. მე პირადად მესენჯერში ვატარებდი ონლაინ სწავლებას, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს კომპიუტერი, ჩართვას ყველა ვერ ახერხებდა, მაგრამ ასთებს ყოველი ონლაინ ჩართვის მერე ვურეკავდი და შესაძლებლობის ფარგლებში, ვმუშაობდით. რა თქმა უნდა აქ ყველაფერი იდეალურად არ მიმდინარეობდა, მაგრამ გაცდენას სჯობდა. მათემატიკის საგნისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ზოგადად გავართვით თავი, თითოეული თემის სესაბამისად გამზადებულ მასალებს კლასის ჯგუფში ვდებდით, პასუხებს ძირითადად პირადი მესენჯერით ვღებულობდი. ამ გამოცდილების გამოყენება ახლაც შეიძლება, თუ ვინმეს გაუცდება გაკვეთილები ონლაინ ჩაგვერთვება.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულებასაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთანდაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ? რა გაკეთდა სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის დახმარებით პედაგოგიური საზოგადოებისთვის თქვენს რაიონში?

პროფკავშირის წევრი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვარ, მაშინაც და ახლაც ვთვლი ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ზოგადად სამსახურის ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფს აუცილებლად სჭირდება გაერთიანებული და გუნდურობის პრინციპით შეკავშირებული ადამიანების გაერთიანება, რომელიც იქნება მათი უფლებების დამცველი, გაამრაველფეროვნებს მათ არასამუშაო პერიოდს, იზრუნებს თითოეულ წევრს შეუქმნას შრომისა და დასვენების პირობები. აგერ უკვე 47 წელი დაიწყო რაც ვარ ვერტყვიჭალის სასკოლო პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მინდა თამამად განვაცხადო: ვარ ამ დიდი გუნდის ერთ–ერთი წევრი, მთელი არსებით შევიტანო მცირედი წვლილი მაინც სპმთპ–ს წარმატების საქმეში. წლების მანძილზე ვარ სპმთპ–ს რაიონილი ორგანიზაციის წევრი, აქტიურად ვდგავარ რაიონული პროფკავშირის ლიდერის გვერდით და ვმონაწილეობ მოს ყოველგვარ საქმიანობასა თუ წამოწყებაში, ერთად ვიცავთ თანამშრომელთა კანონიერ უფლებებს, როცა ამის საჭიროება დგება. რაიონული ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული პროფწევრების კულტურილ ღონისძიებებსა თუ დასვენების უზრუნველყოფის საქმეში, ეხმარება მათ როცა ამის საჭიროება დგება. აქტიურადაა ჩართული და ეხმარება მათ სტატუსის ცვლილებისათვის სავალდებულო აქტივობების შესრულებაში შესაბამისი ტრენინგებით, როგორც რაიონულ დონეზე ჩატარებით ასევე, თუ ადგილზე არ ხერხდება მისი ჩატარება, მეზობელი რეგიონების შესაბამის ორგანიზაციებთან მათ ჩართვაში. მიხარია რომ ვარ ამ ორგანიზაციის წევრი,სადაც ვერტყვიჭალის საჯაყო სკოლის ყველა თანამშრომელია გაწევრიანებული.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" გაერთთანებაა, რომელიც მათი წევრების უფლებებს იცავს, ეხმარება მათ ყოველგვარი სამართლებრივი და საგანმანათლებლო ხასიათის საჭიროებისას. ხარაგაულის სპმთპ–ს რაიონული ორგანიზაცია და მისი ლიდერი ქალბატონი ლალი სებისკვერაძე აქტიურად ეხმარება პროფწევრებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ტრენინგების მოწყობითა და სპმთპ-ს ცენტრალური აპარატის დონეზე მასწავლებელთა ჩართვის პროცესში, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნაში, დასვენებისა და კულტურულ–გამაჯანსაღებელი ღონისძიებების მოწყობაში. "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" პრეზიდენტის, მებრძოლი და შემართებულ ლიდერის მაია კობახიძის ძალისხმევით, მის ძლიერ გუნდთან ერთად ქალბატონი ლალი სებისკვერაძე დგას მასწავლებელთა უფლებების სადარაჯოზე, მადლობა მათ კეთილსინდისიერებისათვის. პოტენციურ პროფწევრებს ვურჩევ, აუცილებლად გახდნენ სპმთპ-ს წევრები და დაცულობის შეგრძნება გარანტირებული ექნებათ.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა, რომ...

ყველა მოსწავლე იყოს ბედნიერი, დროულად დაუბრუნდეს საკლასო გარემოს,იყოს ჯანმრთელი და მოტივირებული.მინდა,მოსწავლეებმა გაათმაგებული ენერგიით შეასრულონ პანდემიით გამოწვეული მოთხოვნები. რაც შეეხება პედაგოგებს, პირველ რიგში,ვურჩევდი მოსწავლეებში დანერგონ ადამიანური ღირებულებები, აღზარდონ პიროვნებებად, მერე შეეცადონ ,როგორც შეძლებენ, შეასწავლონ მათ ის სპეციალობა თუ რამე ხელობა, რაც მათი უნარისა და შესაძლებლობის შესაბამისია. იყოს მშვიდობა, რათა მომავალ თაობებს სრულად ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა, რათა შეძლონ ცხოვრების მოწყობა თავიანთი სურვილის შესაბამისად. მინდა, საქართველოს მომავალი თაობა იყოს ბედნიერი და მათ გაერთიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ. უფალი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. ვისარგებლებ შემთხვევით და პედაგოგიურ საზოგადოებას მივულოცავ მათი პროფესიის დაფასების, მასწავლებელთა საერთაშორის დღეს! ყოველთვის დაფასებულები ყოფილიყავით!

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა