32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13119036 1212793592106817 4796443112224024483 nსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ვუერთდებით იმ ამაღლებულ საზეიმო განწყობას, რაც სუფევს გურიასა და მთელს საქართველოში, ქ. ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თქვენთან ერთად განვიცდით იმ აღმატებულ პატივს სკოლისას, რაც დაფუძნებიდან დღემდე შეუქმნია და უშენებია თაობებს.
170 წელი სამყაროს არსებობის მანძილზე იქნებ ძალიან ცოტაა, მაგრამ სკოლისა და ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცისთვის მთელი ეპოქაა, ის დრო-ჟამია წარსულმა რომ უნდა წარმოგაჩინოს და შენ ნაჯაფ-ნამუშაკარს ფასი დასდოს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული ახალი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების შედეგად, სკოლის კურსდამთავრებულებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ინტელექტის განვითარებაში. არ არსებობს მეცნიერებისა, თუ ხელოვნების დარგი, რომლის განვითარებაში თავისი დიდი დამსახურება არ მიუძღვოდეს სკოლის აღზრდილებს. მარტო ის ფაქტი, რომ თქვენს სკოლაშია აღზრდილი ერის ზნეობრივი გმირი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი ნათლად მეტყველებს სკოლის დამსახურებაზე ერისა და ქვეყნის წინაშე.
თავად სასწავლებლის დაფუძნებაც ხომ ლეგენდარულია: მალაქია გურიელის მიერ პატარებისთვის ბოძებული პალატა და ეკლესია, თავად გრიგოლ გურიელის მიერ ქველმოქმედება, მის ეზო-კარში დაფუძნებული სკოლა… შემთხვევით არაფერი ხდება - ნოყიერ ნიადაგში ფესვმაგარი ხე ხარობს და ამიტომაც ტრადიცია გრძელდებოდა და გრძელდება. საუკეთესო ქართველთა დიდ ნაწილს თქვენი სკოლის მადლი სცხია: დიდი მამულიშვილები–ნიკო მარი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, სიკო დოლიძე, აკაკი ბაქრაძე, რევაზ სირაძე, რევაზ ესაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა მრავალი, 16 პროფესორი, 50 დოცენტი და მეცნიერი, სამი სახელმწიფო პრემიის. ეს მოკლე ჩამონათვალია სკოლის კურსდამთავრებულთა ვისითაც ამაყობს სრულიად საქართველო.
სკოლა მარტო წარსული როდია. დამსახურებულ პედაგოგთა ნაკვალევს ისევ და ისევ ღირსეული მასწავლებლები აგრძელებენ. ამაზე მეტყველებს ბოლო 5 წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულთა მორიგი წარმატებები, ჯილდოები, ათეულობით ოქროსა და ვერცხლის მედალი და სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული პროექტები.
სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის გარიჟრაჟზე, დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყო მასწავლებელთა პროფკავშირული მოძრაობა და გურიის სასულიერო–სამრევლო სასწავლებლის იმჟამინდელი პედაგოგები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ჩამოყალიბებაში. სასიხარულოა, რომ დღეს ეს ტრადიცია გრძელდება და N1 საჯარო სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერებით ერთ–ერთი მოწინავე რგოლია ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გილოცავთ სკოლის იუბილეს, გისურვებთ წარმატებებს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
პატივისცემით,
მაია კობახიძე
სპმთპ-ის პრეზიდენტი